ალისფერი დამღა
„ალისფერი დამღა“ | |
---|---|
The Scarlet Letter | |
| |
ავტორი | ნათანიელ ჰოთორნი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
გამოცემის თარიღი | 1850 |
მედია | რბილი და მაგარი ყდები |
მომდევნო | Angel and Apostle |
"ალისფერი დამღა" — ეს არის 1850 წ. დაწერილი რომანტიკული მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ თემაზე. მისი ავტორია ნათანიელ ჰოთორნი. მოცემული რომანი ითვლება ამ მწერლის მთავარ ნაშრომად. მოქმედება ვითარდება მე-17 საუკუნის პურიტანულ ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში 1642-1649 წლებში და იგი მოგვითხრობს ქალის, ჰესთერ პრინის ისტორიას. მას გაუჩნდება ქალიშვილი ადიულტერის შედეგად და შემდეგ კი იბრძვის, რომ მონანიების გზით დაიწყოს ახალი ღირსეული ცხოვრება. მთელს ამ რომანში ჰოთორნი იკვლევს კანონიერების, ცოდვისა და ბრალეულობის თემებს.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1642 წლის ივნისში, პურიტანებით დასახლებულ ბოსტონში ბრბო იკრიბება იმისათვის, რომ უყურონ ოფიციალურ დასჯას. ახალგაზრდა ქალი, ჰესთერ პრინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი ქმრის ღალატში და ამიერიდან მან უნდა ატაროს თავის სამოსზე ამოქარგული მეწამული სიმბოლო "A" (ინგლისურად ამ სიმბოლოთი იწყება სიტყვები adultery და affair _ ღალატი და ადიულტერი). ამას გარდა, იგი უნდა იდგეს სპეციალურ ხარაჩოებზე აღმართულ სამარცხვინო ბოძთან სამი საათის განმავლობაში, რათა საჯაროდ იქნას დამცირებული. როცა ჰესთერი სამარცხვინო ბოძთან ავიდა, ბრბოს ქალების უმეტესობა გაააფთრა მისმა სილამაზემ და წყნარმა, ღირსეულმა თავდაჭერამ. როდესაც მას აიძულებდნენ, რომ ბავშვის მამის სახელი ეთქვა, ჰესთერისგან უარი მიიღეს მის დასახელებაზე.
ჰესთერი ბრბოში შენიშნავს გამხდარ, ცუდად ჩაცმულ კაცს და ცნობს თავის ქმარს, რომელიც დიდი ხანია, რაც ზღვაში დაკარგულად ითვლებოდა. როცა ქმარი შეამჩნევს ქალს სამარცხვინო ბოძთან, იგი ეკითხება ერთ-ერთ კაცს ბრბოში ამ ქალის შესახებ და მისგან მოისმენს თავისი ცოლის ღალატის ამბავს. საბოლოოდ, ქმარი გაბრაზებით წამოიძახებს, რომ ღალატის მეორე მონაწილეც უნდა დასჯილი იქნას და აღთქმას დებს, რომ იპოვის დამნაშავე კაცს. აქვე იგი ირჩევს სხვა სახელს _ როჯერ ჩილინგუორთს, რათა შურისძიების გეგმის შესრულება უფრო იოლად მოახერხოს.
ღირსი მამა ჯონ უილსონი და მისი მოადგილე ეკლესიაში, მამა არტურ დიმსდეილი დაჰკითხავენ ჰესთერს, მაგრამ იგი უარს აცხადებს თავისი საყვარლის სახელის აღიარებაზე. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდება საკანში, ციხის გუშაგს მასთან შემოჰყავს როჯერ ჩილინგუორთი, თავისთვის ჩვეულ ექიმის ამპლუაში, რათა დაამშვიდოს ჰესთერი და მისი ბავშვი თავისი ფესვებისა და ბალახების ნაყენებით. მას შემდეგ, რაც გუშაგი გავა, ჩილინგუორთი თავის ცოლს აიძულებს, რომ გულახდილად ისაუბროს მასთან. იგი აცხადებს, რომ პატიობს დანაშაულს თავის ცოლს, ხაზს უსვამს რა იმას, რომ მათ შორის ასაკში დიდი განსხვავება იყო. ასევე აღნიშნავს იმას, რომ თავისი წასვლით მან ქალს იმდენივე ავნო, რაც ქალმა შემდეგ ღალატით. თუმცა, ამბობს, რომ ჰესთერის საყვარელი სხვა საქმეა და მოითხოვს ქალისგან, რომ დაასახელოს იგი. როდესაც ჰესთერი უარს ამბობს, კაცი განაცხადებს, რომ მაინც იპოვის დამნაშავეს. ამავე დროს, იგი მოითხოვს ჰესთერისგან, რომ არასოდეს გაამჟღავნოს ის ფაქტი, რომ ჩილინგუორთი სინამდვილეში ჰესთერის ქმარია და თუ ჰესთერი მაინც როდესმე ამას გაამჟღავნებს, მაშინ ბავშვის მამის მოკვლით იმუქრება. ჰესთერი თანხმდება ჩილინგუორთის პირობებს, თუმცა გული უგრძნობს, რომ ინანებს ამას.
მას შემდეგ, რაც ჰესთერს ათავისუფლებენ ციხიდან, იგი ბინავდება ქალაქის განაპირას ერთ-ერთ კოტეჯში და თავს სამკერვალო საქმით ირჩენს. იგი მშვიდი და შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობს თავის ბავშვთან, პერლთან ერთად. მაგრამ აშფოთებს პერლის უცნაური ხასიათი. ბავშვი უცნაურად მოხიბლულია მეწამული "A" სიმბოლოთი, ვერ ცნობს დედას, თუ მას ამგვარი სამოსი არ აცვია. როცა იზრდება, პერლი კაპრიზულ და ჭირვეულ ბავშვად ყალიბდება. მისი ასეთი ქცევა ჭორებს აძლევს სათავეს, რაც მთავრდება იმით, რომ ეკლესიის წევრები ითხოვენ პერლის წართმევას ჰესთერისათვის.
ჰესთერი, როცა ეს ამბავი მის ყურამდე მიაღწევს, რომ შეიძლება ბავშვი წაართვან, მიდის გუბერნატორ ბელინგემთან აუდიენციაზე. გუბერნატორთან ღირსი უილსონი და დიმსდეილიც დახვდებიან. როცა უილსონი მას ძირითადი ქრისტიანული დოგმების, კატეხიზმოს შესახებ ეკითხება, ჰესთერი პასუხზე უარს აცხადებს, თუმცა კი იცის სწორი პასუხები. ამგვარად, თავისი ბავშვის მეურვეობის საკითხს თვითონვე აყენებს საფრთხის ქვეშ. სასოწარკვეთილი ჰესთერი დიმსდეილს მიმართავს ვედრებით, ეს უკანასკნელი კი ახერხებს გუბერნატორის დარწმუნებას იმ საკითხში, რომ ბავშვი ისევ ჰესთერთან დატოვონ.
ამასობაში ღირსი დიმსდეილის ჯანმრთელობა უარესდება. მოხდება ისე, რომ ჩილინგუორთი დიმსდეილის მეზობლად დაბინავდება. პაციენტის გასინჯვით და მასთან საუბრით ჩილინგუორთს ეჭვი უჩნდება, რომ მღვდლის ჯანმრთელობის გაუარესება აღსარებაზე აუღიარებელი დანაშაულის ბრალი უნდა იყოს. იგი ყოველგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავს დიმსდეილზე, რათა გაიგოს სიმართლე. ერთ საღამოსაც, როცა იგი მძინარე დიმსდეილის სამოსს გადააწყობს გვერდზე, დაინახავს, რომ სამოსის ქვევით, პერანგზე დიმსდეილიც მეწამულ სიმბოლოს ატარებს.
თავისი დანაშაულის გრძნობით დატანჯული, დიმსდეილი მიდის იმ მოედანზე, სადაც ჰესთერი დასაჯეს რამდენიმე წლის წინ. იგი ადის ხარაჩოზე, ხედავს ქუჩაში ჰესთერს და პერლს და ეძახის მათ თავისთან. იგი მათ წინაშე აღიარებს თავის დანაშაულს, ოღონდ ვერ პოულობს გამბედაობას, რომ იგივე საჯაროდაც გააკეთოს. მოულოდნელად, დიმსდეილს ეჩვენება ცაში კომეტა, რომელსაც გიგანტური ლათინური „A“-ს ფორმა აქვს. ჰესთერს ძლიერ აშინებს დიმსდეილის ჯანმრთელობის გაუარესება და ფიქრობს, რომ დროა ქმრისთვის მიცემული სიჩუმის აღთქმისგან გაითავისუფლოს თავი. იგი შეხვდება ჩილინგუორთს და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ შურისძიების ეს აკვიატებული იდეა მიატოვოს, რათა თავისი საკუთარი სული გადაირჩინოს.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰესთერი დიმსდეილს ტყეში ხვდება პაემანზე, იქ უსახელებს თავისი ქმრის ვინაობას და უყვება მისი შურისძიების სურვილის შესახებ. ამ საუბრის შედეგად იგი არწმუნებს დიმსდეილს, რომ ჩუმად დატოვონ ბოსტონი და გემით გაემგზავრონ ევროპაში, სადაც შეეძლებათ ახლიდან ცხოვრების დაწყება. ეს გეგმა მღვდელს ახალ ძალებს შემატებს. მაგრამ ქალაქში დაბრუნებისას დიმსდეილი სასიკვდილოდ ხდება ავად. ამასობაში, გემის კაპიტანი ჰესთერს აცნობებს, რომ იმავე გემით როჯერ ჩილინგუორთიც აპირებს მგზავრობას.
არჩევნების დღეს დიმსდეილი თავის ერთ-ერთ ყველაზე შთაგონებულ ქადაგებას წარმოთქვამს. მაგრამ როგორც კი პროცესია გადის ეკლესიიდან, დიმსდეილი უარესად ხდება. იგი ადის ხარაჩოზე, სადაც სამარცხვინო ბოძი დგას და საჯაროდ აღიარებს თავის ცოდვას. საბოლოოდ კი ჰესთერის მკლავებში კვდება იქვე. ჩილინგუორთი, რომელსაც უკვე აღარ სურს შურისძიება, ასევე კვდება მალევე ამ ამბის შემდეგ და პერლს საკმაოდ დიდძალ ფულს უტოვებს მემკვიდრეობად. ნაწარმოებში მინიშნებულია, რომ პერლი ამ ფულით ევროპაში მიემგზავრება და შესაძლოა იქ გათხოვდება კიდეც.
რამდენიმე წლის შემდეგ ჰესთერი ბრუნდება თავის კოტეჯში, იგი აგრძელებს მეწამული სიმბოლოს ტარებას სამოსზე და ეხმარება მსგავს სიტუაციაში მოხვედრილ სხვა ქალებს. როდესაც ჰესთერი კვდება, მას მარხავენ დიმერსდეილის საფლავის ახლოს და მათ ორივეს საფლავზე ერთი მარტივი ფიქლის საფლავის ქვა დევს, ისევ და ისევ მეწამული"A" სიმბოლოთი.
ძირითადი თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცოდვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰესთერისა და დიმსდეილის ამბავი მოგვაგონებს ადამისა და ევას ცოდვას, რადგანაც ორივე შემთხვევაში ცოდვას ტანჯვა და გაძევება მოყვება. იგივე ცოდვა იძლევს ცოდნასაც, ჰესთერის შემთხვევაში, იმის ცოდნას, თუ როგორია, მიჩნეული იყო უზნეოდ. ამ ცოდვის ფიზიკური სახსოვარი ჰესთერისთვის არის მეწამული სიმბოლო. მას სურს, რომ მოიშოროს იგი და მოიპოვოს თავისუფლება მჩაგვრელი თანასაზოგადოებისაგან, ასევე თავისი შებღალული წარსულისაგან, ღმერთთან დაშორებისგან. რადგანაც პურიტანული საზოგადოება გარიყავს ესთერს, მას უჩნდება აზრები, რომ პურიტანული კულტურის მრავალი ტრადიცია არასწორია და არ ემსახურება ადამიანის ბედნიერებას.
პურიტანული კანონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პურიტანული კანონები გამოხატავს პურიტანთა ექსტრემალურ შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ჰესთერი ამ თემის ღარიბებსა და ავადმყოფებს უვლიდა, თანასოფლელები მაინც გარიყავენ მას, როგორც კი კანონი გამოუტანს განაჩენს. ამ განაპირების გამო ჰესთერი თავის ცხოვრებას მეტწილად მარტოობაში ატარებს და ეკლესიაშიც ვეღარ დადის.
ბრალეულობის განცდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგად, ჰესთერი იკეტება თავის საკუთარ გონებაში და საკუთარ აზრებში. მისი აზრები იწყებენ საზღვრების გადალახვას და მიდიან იმის მიღმა, რასაც პურიტანები საერთოდ ქრისტიანულს დაარქმევდნენ. იგი ჯერ კიდევ გრძნობს თავის ცოდვას, მაგრამ განსხვავებულად უყურებს მას. მას უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის მიწიერი ცოდვები არ გამოიწვევს სამარადისო სასჯელს. იგი ისე შორსაც მიდის, რომ დიმსდეილს ეუბნება, რომ მათი ცოდვა უკვე გამოისყიდული იქნა თავიანთი ყოველდღიური ტანჯვით და რომ ეს ცოდვა არ შეუშლის ხელს მათ სამოთხეში მოხვედრაში. პურიტანებს კი, ბუნებრივია, სჯეროდათ სრულიად საწინააღმდეგო, რომ ამგვარი ცოდვა აუცილებლად ჯოჯოხეთში მოახვედრებს ცოდვილს.
გამოქვეყნების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„მეწამული სიმბოლო“ გამოქვეყნებული იქნა 1850 წლის გაზაფხულზე გამომცემლობაში „Ticknor & Fields“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფართო ტირაჟით დაბეჭდილი წიგნი ამერიკაში. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში წიგნები ხელით მზადდებოდა და მცირე რაოდენობებით იყიდებოდა. „მეწამული სიმბოლოს“ პირველი მექანიზებული ტირაჟი, 2500 ცალი, გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად და სულ 10 დღეში გაიყიდა მთლიანად. ამან ავტორს 1500$-ის შემოსავალი მოუტანა.
კრიტიკის რეაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურული კრიტიკოსების უმეტესობა წიგნს ქებით შეხვდა, მაგრამ რელიგიური საზოგადოების მეთაურებმა წიგნი მაშინვე მიზანში ამოიღეს. ორესტეს ბრაუნსონი ჩიოდა, რომ ჰოთორნს არ ესმის არც ქრისტიანობა, არც სარწმუნოება და არც სინანული. ეკლესიურ მიმოხილვაში და საეკლესიო რეესტრში ჩაიწერა, რომ ავტორი „ცუდ ზნეობას ავრცელებს“.
მეორე მხრივ კი, მე-20 საუკუნის ცნობილმა მწერალმა, დ. ჰ. ლორენსმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია დავასახელოთ ამერიკული წარმოსახვის უფრო ბრწყინვალე პროდუქტი, ვიდრე ესაა „მეწამული სიმბოლო“. ჰენრი ჯეიმსი წერს რომანის შესახებ: „ეს არის მშვენიერი, თაყვანსაცემი, საგანგებო რამ; მას უმაღლეს დონეზე გააჩნია ის დამღა, რასაც ჰოთორნის საუკეთესო ნაწერები ატარებს _ აზრის თვალშეუდგამი სიწმინდე და სიმსუბუქე... ამ რომანს ხშირად შეიძლება დაუბრუნდე; მას იოლად შეიძლება მიეჩვიო და გააჩნია ხელოვნების დიდი ნიმუშებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობა და იდუმალება“.
ბევრი თანამედროვე კრიტიკოსი ამ რომანში სიმბოლიზმსაც დაინახავს. ლათინური "A", რომელსაც ინგლისურ ენაში საუკეთესოს, პირველი ხარისხის მნიშვნელობაც გააჩნია, ამ შემთხვევაში სწორედ სიმბოლოა, ოღონდ არა იმდენად ცოდვისა, როგორც მთავარი გმირის ამაყი და მოუდრეკელი ხასიათისა, მისი გამორჩეულობისა.
ქართული თარგმანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნათანიელ ჰოთორნის მოცემული რომანი, "მეწამული სიმბოლო" ჯერ არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თარგმნისას მთარგმნელმა შეიძლება აირჩიოს ამგვარი სათაურებიც: წითელი სიმბოლო, მეწამული A, წითელი A, მეწამული "ანი", ალისფერი "ანი". ახლახან გამოიცა ამავე ავტორის სხვა რომანი ქართულ ენაზე: "სიჭაბუკის ელექსირი".